13/04/2016
ბაზალეთის ტურისტულ კომპლექსში პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების შესაძლო ჩაწერასთან დაკავშირებით ვაცხადებთ შემდეგს:
როდესაც შევიტყვეთ ბაზალეთის კომპლექსში სტუმრების
შესაძლო თვალთვალის შესახებ ჩვენ ვიყავით შოკირებული და
გარკვეულ წილად დაბნეულებიც კი, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ აგვეღო „ტაიმ-აუტი“ და ყველაფერში გავრკვეულიყავით. ჩვენ ჩავატარეთ რიგი შიდა ღონისძიებები, შედგა ღია და გულახდილი საუბარი კომპანიის მართვის ყველა დონის თანამშრომლის მონაწილეობით და მთელი კოლექტივის სახელით სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის არ არის ცნობილი ტურისტულ კომპლექსში როგორც თვალთვალის, ასევე აღნიშნულში, ჩვენი კომპანიის რომელიმე თანამშრომლის მიერ ვინმესთვის დახმარების გაწევის შესახებ.
ასევე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი
მისამართით არასდროს განხორციელებულა შანტაჟი ან ზეწოლა
ვინმეს მხრიდან იმ მიზნით, რომ იძულებული გავეხადეთ
გვეთანამშრომლა თვალთვალის განხორციელებაში.
ჩვენი საქმიანობა მიმართულია საქართველოს ტურისტული
პოტენციალის განვითარებისთვის. ჩვენი მოღვაწეობა ითვლის 20 წელზე მეტს, ჩვენი ბიზნეს პროექტების დაფინანსება ხორციელდება საზღვარგარეთის ინვესტიციების მეშვეობით. ჩვენი დაფინანსება გამჭვირვალეა და არ ყოფილა დაკავშირებული არანაირ პოლიტიკურ ტრენდთან. ჩვენ არ ვსარგებლობთ განსაკუთრებული შეღავათებით
და პრივილეგიებით, ვახორციელებთ საქმიანობას საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ჩვენი დამფუძნებლები და ინვესტორები უცხოელები არიან. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ჩვენ გვხდის შანტაჟისა და ზეწოლისათვის არც ისე „მოხერხებულ“ ობიექტად.
პირადი ცხოვრების ფარული ასახვა და ამ მასალების გავრცელება ჩვენთვის, როგორც სასტუმრო მომსახურების სფეროში მომუშავე პროფესიონალებისთვის და ჩვენი, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქეებისათვის აღმაშფოთებელი და დასაგმობია. ჩვენ საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობასთან ერთად გვაქვს სურვილი ერთხელ და სამუდამოდ ამოვძირკვოთ ჩვენი ცხოვრებიდან მსგავსი მანკიერი მოვლენა.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ საგამოძიებო ორგანოებს და დავუდასტურეთ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი მზადყოფნა მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ მათთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში.
ჩვენ მივმართავთ მედიას, ვაფასებთ თქვენს მოღვაწეობას, ჩვენ ღია ვართ თქვენთვის, დასამალი არაფერი გვაქვს და მზად ვართ თანამშრომლობისთვის. იმედს გამოვთქვამთ, რომ დაინტერესების შემთხვევაში წინასწარ შეგვითანხმებთ ვიზიტის დროს, რათა არ დაირღვეს დამსვენებელთა სიმშვიდე.
მივმართავთ ყველა ჩვენს მეგობარს და მუდმივ კლიენტს,
რომლებიც წლიდან წლამდე ისვენებენ ბაზალეთის ტურისტულ
კომპლექსში, რომ ჩვენ ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში. მოწოდებული ვართ გავხადოთ ჩვენი სერვისი და თქვენი დასვენება კიდევ უფრო უსაფრთხო და კომფორტული.
პატივისცემით ბაზალეთის ტურისტული კომპლექსის
ადმინისტრაცია