07/07/2026
🛑თუშეთის სალოცავებში ქალის არ შესვლის წესზე ატეხილ ხმაურს ერთი პასუხი აქვს და ეს პასუხი დისკუსიას არ საჭიროებს:
🟢ეს წესია!
და მისი დაცვა თუშეთში მისული ყველა ადამიანის ვალდებულებაა — მოსწონს ის თუ არა.
🤷♀️გაუგებარია, საერთოდ რატომ გახდა ეს დღის წესრიგის საკითხი. მით უმეტეს, ჩვენ, ადგილობრივები, თავს დისკრიმინირებულად არ ვგრძნობთ. წესით ეს ჩვენი სათქმელია და არა მათი, ვისაც ეს წესები ღირებულების სახით არასოდეს შეხებია.
ვინც ამ წესრიგში გაიზარდა, მისთვის ეს შეზღუდვა კი არა — სამყაროსეული, ეთნოფსიქოლოგიური წყობაა, რომელმაც ჩვენი იდენტობა საუკუნეებს გამოატარა და ასე ჩამოაყალიბა.
🖼️ასევე, თუ ფოტოზე ასახული ნიშნულის გამოხატვის ფორმა უხეშად ჟღერს და ის ვინმემ დისკრიმინაციულად აღიქვა — ფორმის კრიტიკა ფორმას უნდა მიემართოს და არა ტრადიციისა და წესების განკითხვის საბაბი გახდეს (გამოხატვის ამგვარ ფორმას ცალსახად ჩვენც არ ვიწონებთ).
🤌ტრადიციას არ ევალება თანამედროვე ადამიანისათვის რაციონალურად ახსნას ყველა დეტალი. მრავალი წმინდა ადგილი მსოფლიოში საუკუნეების განმავლობაში სწორედ რიტუალური წესებით არსებობს. მათი კულტურული ღირებულება ამ წესების განუყოფელ დაცვაში მდგომარეობს და არა იმაში, რომ თითოეული წესი თანამედროვე კრიტერიუმებით აიხსნას.
ვისაც ჰგონია, რომ ეს „ჩამორჩენილობაა", თვალი გადავავლოთ მსოფლიოს:
➡️ათონის მთა, საბერძნეთი — თითქმის ათასი წელია ქალი არ შედის, წესი წერილობით 1046 წლიდან ფიქსირდება. ევროკავშირმა საბერძნეთის მიღების დოკუმენტებშივე აღიარა ათონის განსაკუთრებული სტატუსი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობაა.
➡️ოკინოშიმა, იაპონია — წმინდა კუნძული, სადაც ქალი არ დაიშვება, კაცი კი განწმენდის რიტუალის გარეშე ფეხს ვერ დადგამს. იუნესკომ 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში სწორედ ამ წესებით შეიტანა.
➡️ომინეს მთა, იაპონია — VIII საუკუნიდან, 1300 წელია, მოქმედებს ქალთა საზღვრის წესი. იუნესკოს მემკვიდრეობაა 2004 წლიდან.
➡️მარ საბას მონასტერი, იუდეის უდაბნო — V საუკუნიდან დღემდე, თხუთმეტი საუკუნეა, ქალი მონასტერში არ შედის. წესი უწყვეტად მოქმედებს.
მთელ მსოფლიოში ამას ცოცხალი კულტურული მემკვიდრეობა ჰქვია და პატივისცემით ინახავენ. ჩვენთან კი — „დისკრიმინაცია"?
და კიდევ ერთი, რაც შემაშფოთებელია: როცა კულტურული ღირებულებების დაკნინებულ ჭრილში განხილვას საკუთარივე ქვეყნის მოქალაქე იწყებს, ეს მხოლოდ ცალკეულ ადამიანზე კი არ მეტყველებს — საზოგადოებრივი აზროვნების საგანგაშო ნიშანია.
იდენტობის საყრდენი ღირებულებების გაუფერულება და გაუფასურება სამწუხაროდ ნელ-ნელა შლის იმ საფუძველს, რომელზეც ერის თვითმყოფადობა დგას.
ამიტომ გთხოვთ სიფრთხილეს — ნუ შეეცდებით ადგილობრივებში ეჭვის შეტანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ვინც ამ წესრიგში არ გაზრდილა, მათ ღირებულებას გარედან ვერ ამოიცნობს, რაც არ უნდა ღრმა მკვლევარი იყოს.
🤝🥰🏔️თუშეთი ღიაა ყველასთვის, ვინც სტუმრობა იცის.
სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურე. და ბოლოს — ეს არც სადისკუსიო პლატფორმაა და არც შეთავაზება: ასეთი წესი გვაქვს.
პ.ს. უკომენტაროდ წაიშლება ნებისმიერი პროვოკაციული, შეურაცხმყოფელი ან ამ თემაზე დაუსრულებელი პოლემიკის გაგრძელებისკენ მიმართული კომენტარები.
აქვე გთავაზობთ ახალი ნიშნულის იდეას (ვიზუალი იდეის ესკიზია ) ❤😊
პატივისცემით